საწრეო მუშაობის
რეფლექსია
თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების
განუყოფელი ნაწილია, იგი გამოიყენება ადამიანების საქმიანობის ყველა სფეროში.
სასწავლო წლის დასაწყისში IV კლასში მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად, რადგან IVკლასის მათემატიკის
პროგრამის ყველაზე ძნელად ასათვისებელი მასალა არის მრავალნიშნა რიცხვების ნუმერაცია,
რომლის საფუძვლიანი ცოდნის გარეშე შეუძლებელია მოსწავლე დაეუფლოს გამოანგარიშების თეორიასა
და პრაქტიკას, გადავწყვიტე შემექმნა საწრეო მუშაობა ,,ჩვენ და მათემატიკა“, რომლის
საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ:
·
მილიონამდე რიცხვების წაკითხვა, ჩაწერა
·
რიცხვის სხვადასხვა მოდელით წარმოდგენა
·
ჩანაწერში ციფრის მნიშვნელობის მითითება
·
მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერას გაშლილი ფორმით
·
რიცხვების შედარებას დამრგვალებას რომელიმე სათანრიგო
ერთეულამდე
·
მრავალნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლებას სხვადასხვა
ხერხით
და განუვითარდებათ
სააზროვნო უნარ-ჩვევები.
საწრეო
მუშაობის შექმნის შესახებ ვესაუბრე, როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს.გავაცანი
საწრეო მუშაობის პროგრამა და მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2017/2018 სასწავლო წელი.
1 სემესტრი. 10 გაკვეთილი.
საწრეო მუშაობაში ჩავრთე IV კლასის 16 მოსწავლე.
პირველ მეცადინეობაზე ჯერ ჩავატარე მინი ლექცია,
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის მიზანი. ვესაუბრე თუ რა მნიშვნელობა აქვს მათემატიკის
სწავლას ჩვენს ცხოვრებაში, გავაცანი ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ,,მათემატიკაზე“.
შემდეგ მოსწავლეებს ვესაუბრე ახალ საკლასო ერთეულზე - ათასეულზე. მოსწავლეებს გავახსენე
რომ ჯგუფებად დათვლა სჯობია ცალობით დათვლას. ათასებით ასევე შეიძლება დათვლა, როგორც
ერთეულებით, ათეულებით და ასეულებით. სათანრიგო ბლოკებისა და საანგარიშოს გამოყენებით
დავამყაროთ კავშირი სათვალავ ერთეულთა შორის.
10 ერთეული =
1 ათეული
10 ათეული =
1 ასეული
10 ასეული =
1 ათასეული
მოსწავლეებმა ჩაწერეს და წაიკითხეს 1 000-ზე
მეტი რიცხვები სათანრიგო ბლოკების საანგარიშოს გამოყენებით.
·
ამოიცნობეს ბარათებზე დაწერილი ოთხნიშნა, ხუთნიშნა და
ექვსნიშნა რიცხვები.
·
ჩაწერეს რიცხვები კარნახით, დაწერილი რიცხვები შეამოწმეს
დაფაზე სწორად დაწერილ რიცხვებს.
ამის შემდეგ ჩავატარე
თამაში: ,,იპოვე შენი ადგილი“
მოსწავლეები ორ
ჯგუფად გავყავი, თითოეულ ჯგუფს გადავეცი ციფრები 0-დან 9-ის ჩათვლით, რომლითაც ისინი
რიცხვებს შეადგენენ, მრავალნიშნა რიცხვების დასახელებისას ორივე ჯგუფი ისე მოეწყობა,
რომ აღნიშნული რიცხვები გამოისახოს. გამარჯვებული გამოვლინდება მოქმედების სისწრაფისა
და შედეგის სისწორის მიხედვით. მოცემული აქტივობებით მოსწავლეებმა შეძლეს 1 000-ზე
მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერა/ წაკითხვა.
მეორე მეცადინეობა გეგმის მიხედვით წარიმართა.
თემა: კლასები და თანრიგები.
მიზანი: აითვისებენ
თანრიგებსა და კლასების ცნებებს,მათზე დაყრდნობით მოახდენენ მრავალნიშნა
რიცხვების ჩაწერა/წაკითხვას.
თავდაპირველად, კლასებისა და თანრიგების ცხრილის
გამოყენებით წარმოვადგინეთ II კლასის რიცხვები, რომლებიც შემდეგ გაერთიანდა I კლასის
რიცხვებთან. მაგ: თანრიგის ცხრილზე გამოვსახეთ პირველად II კლასის რიცხვი 36 ათასი
( V თანრიგის - 3 და IV თანრიგის - 6 ერთეული
და პირველ კლასში ნულები), შემდეგ დავაყენე ამოცანა, რომ იმავე ცხრილზე გამოსახონ რიცხვი
327. ამისათვის, გავარკვიეთ: ეს რიცხვი რომელი თანრიგის ერთეულებს შეიცავს? რომელი
კლასის რიცხვია? და როგორ გამოისახება ცხრილზე ( ნულების ადგილზე დაიწერება 327). გამოსახვის
შემდეგ წავაკითხე მთელი რიცხვი ( 36 ათას 327). ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ჯერ
გამოვსახეთ II კლასის რიცხვი 36 ათასი და შემდეგ
პირველი კლასის რიცხვი - 327. ცხრილზე გამოსახული რიცხვები მოსწავლეებმა ჩაწერეს რვეულებში.
ამ პროცესში თანდათან გაირკვა, რომ ჯერ იწერება ათასეულების რიცხვი და შემდეგ ერთეულების
რიცხვი. ამ წესის დაცვით დავიწყეთ რიცხვების წერა დაფაზე და შემდეგ რვეულებში. ამ პროცესში
თანდათან ნათელი გახდა, რომ კლასები ერთმანეთისაგან დაშორებული უნდა იქნეს, აქვე დავასაბუთედ,
რომ რიცხვის დაწერა არ უნდა დავიწყოთ 0-ით.
ასეთი მუშაობის შემდეგ გავაკეთეთ დასკვნა: რომ,
,,მრავალნიშნა რიცხვი, რომ წავიკითხოთ ის უნდა დავყოთ კლასებად ისე, რომ ყოველ კლასში
შედიოდეს 3 თანრიგი ( შეიძლება უმაღლეს კლასში არ შედიოდეს სამივე თანრიგი). წავიკითხოთ
თითოეული კლასი და მასთან ერთად დავასახელოთ წაკითხული კლასის სახელწოდება ( გარდა
ერთეულების კლასის სახელწოდებისა).
კლასებისა და თანრიგების ცხრილის გამოყენებით
მოსწავლეებმა ჩაწერეს რიცხვები. იგივე სახის სავარჯიშოები შეასრულეს საანგარიშოზე რიცხვის
გამოსახვისა და გამოსახული რიცხვების წაკითხვაზე.
პოზიციური სისტემის გასააზრებლად ჩავატარე აქტივობები.
·
შეავსე გამოტოვებული ადგილები შესაბამისი რიცხვებით
·
ციფრებით 0 და 7 -ით შეადგინეთ ყველა შესაძლო სამნიშნა,
ოთხნიშნა და ხუთნიშნა რიცხვები, ჩაწერეთ და ახსენით რას აღნიშნავს ეს ციფრები თითოეულ
მათგანში.
·
იპოვეთ ხაზგასმული ციფრის მნიშვნელობა.
ამ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა აითვისეს თანრიგებისა
და კლასების ცნებები, ისწავლეს რიცხვების ჩაწერა-წაკითხვა სათანრიგო ცხრილებისა, საანგარიშოს
და სათანრიგო ბლოკების გამოყენებით. შეძლეს მრავალნიშნა რიცხვის ჩანაწერში ციფრის მნიშვნელობის
პოვნა.
მესამე მეცადინეობაზე, რომლის თემაა ,,მრავალნიშნა
რიცხვების შედარება,“ მოსწავლეებმა გაიხსენეს ორნიშნა და სამნიშნა რიცხვების შედარების
წესი და მოახდინეს მისი განზოგადება მრავალნიშნა რიცხვებზე. მოსწავლეებმა შეადარეს
მრავალნიშნა რიცხვები ინდივიდუალურად დაფასთან, ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ უკვე
ცნობილი წესის მიხედვით, შედარებას იწყებენ თანრიგების ოდენობათა შედარებით, მათი ტოლობის
შემთხვევაში ვადარებთ რიცხვების უდიდესი თანრიგების ერთეულებს, მეტია ის რიცხვი, რომლის
შესაბამისი თანრიგის პირველივე განსხვავებული ციფრი არის მეტი. ამოხსნეს სავარჯიშოები,
სადაც სჭირდებათ წესის გამოყენება: თუ შესადარებელი ორი რიცხვიდან ერთ-ერთი ,,მეტნიშნაა,
(მისი თანრიგების ოდენობა მეტია) მაშინ, ამ რიცხვთა ციფრების შედარება საჭირო აღარ
არის -- ,მეტნიშნაა“ რიცხვი მეტია.
სვეტოვანი დიაგრამის გამოყენებით მოახდინეს რაოდენობების
შედარება, დაალაგეს რიცხვები ზრდადობა-კლებადობის მიხედვით. განსაკუთრებით ხალისით
და ინტერესით ამოხსნეს სახალისო ამოცანები და სავარჯიშოები ,,მოისაზრე“.
აღნიშნული აქტივობებით
მოსწავლეები დაეუფლებიან მრავალნიშნა რიცხვების შედარებას, დალაგებას ზრდადობა-კლებადობის
მიხედვით. განუვითარდათ სააზროვნო უნარ-ჩვევები.
მეოთხე
მეცადინეობის თემაა ,,მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალება“. მოსწავლეებმა გაიხსენეს
სამნიშნა რიცხვების დამრგვალების წესი და მოახდინეს მისი განზოგადება მილიონამდე რიცხვებზე.
აღნიშნეს, რომ რიცხვის რაიმე თანრიგამდე დამრგვალებისას ვეძებთ ამ რიცხვთან უახლოეს
(შესაბამის თანრიგამდე),,მრგვალ რიცხვს“. ამისათვის ვამოწმებთ მოცემული რიცხვის მითითებული
თანრიგის მარჯვნივ უახლოესი თანრიგის ციფრი არის თუ არა 5-ზე მეტი, ან 5-ზე ნაკლები.თუ
5-ზე ნაკლებია დამრგვალება ხდება ნაკლებობით,
თუ 5-ზე მეტია, დამრგვალება ხდება მეტობით.
რიცხვით სხივზე დაკვირვებით მოსწავლეებმა გამოიმუშავეს
რიცხვის უახლოეს თანრიგამდე (მრგვალი) რიცხვის შერჩევის უნარ-ჩვევა.
დამრგვალების შემდგომი პროცესი მაგალითებით განვიხილეთ.
შეასრულეს სავარჯიშოები, სადაც მოახდინეს მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალება სხვადასხვა
თანრიგამდე. მონდომებითა და გულისყურით ამოხსნეს ,,მათემატიკური რებუსები“ და თავსატეხები.
ამ მეცადინეობით მოსწავლეები დაეუფლნენ მრავალნიშნა რიცხვების დამრგვალებას და განუვითარდათ
სააზროვნო უნარ-ჩვევა.
მეხუთე მეცადინეობაც გეგმის მიხედვით წარიმართა.
რომელიც ითვალისწინებდა ჯამის შეფასებას, სიდიდეთა ოდენობის, მოქმედებების შედეგების
შეფასების საკითხი აქტუალურია ჩვენს ყოფაში. მოსწავლეებს გავაცანი ჯამის შეფასების
ხერხი, რომელიც შესაკრებების დამრგვალებასთან არის დაკავშირებული. ამოიხსნა შესაბამისი
ამოცანები და სავარჯიშოები. მათემატიკური რებუსები.
მეექვსე მეცადინეობის თემაა ,,მრავალნიშნა რიცხვების
შეკრება“.
მრავალნიშნა რიცხვებზე
წერითი შეკრება სამნიშნა რიცხვებზე წერითი შეკრების ბუნებრივი გაგრძელებას წარმოადგენს,
ამიტომ მეცადინეობა მოსწავლეთა მაღალი აქტივობებით წარიმართა. მოსწავლეებმა გაიხსენეს
სამნიშნა რიცხვების შეკრება და არსებული წესი გამოიყენეს მრავალნიშნა რიცხვების შეკრებისას.
გავაკეთეთ მაგალითები ჯერ დაფაზე დეტალური მსჯელობით, ყურადღება გავამახვილეთ არსებით
(მოქმედება სრულდება თანრიგთა მიხედვით) და არა არსებით მხარეებზე (ერთმანეთის ქვეშმიწერა,
ხაზის გასმა, მოქმედების შესრულება დაბალი თანრიგებიდან და ა. შ), ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად,
სიძნელეთა ზრდის მიხედვით. ჯერ ათეულზე გადაუსვლელად, შემდეგ ათეულზე გადასვლით, განსაკუთრებული
ყურადღება მივაქციე შემთხვევებს, როდესაც გადასვლა ხდება ერთი კლასიდან მეორეში. ამოიხსნა
მაგალითები, რომლებშიც კომპონენტები შეიცავს ნულებს. დასაწყისში მოქმედება შესრულდა
დაწვრილებით მსჯელობით, ხოლო შემდეგ თანდათან შევამოკლეთ, სწრაფი გამოანგარიშების ჩვევის
გამომუშავების მიზნით.
იმისათვის, რომ საფუძვლიანად გარკვეულიყვნენ მოსწავლეები
შეკრების არსებით მხარეებში, ამოიხსნა მაგალითები, როდესაც კომპონენტები სხვადასხვა
ნიშნადობის არიან აზროვნების განვითარების მიზნით შეასრულეს სავაეჯიშო ,,გამოტოვებული
ციფრები“.
აღნიშნული აქტივობებით მოსწავლეები დაეუფლნენ მრავალნიშნა
რიცხვების შეკრებას, წერითი ალგორითმის გამოყენებით და გამოიმუშავეს სააზროვნო უნარ-ჩვევები.
მეშვიდე მეცადინეობა მრავალნიშნა რიცხვების
გამოკლებას ეხებოდა. მსგავსად მრავალნიშნა რიცხვების შეკრებისა, მოსწავლეებმა სამნიშნა
რიცხვების გამოკლების წესი განაზოგადებს მრავალნიშნა რიცხვებზე და მსგავსი მსჯელობით
შეასრულეს მრავალნიშნა რიცხვების გამოკლება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე
შემთხვევაზე, როდესაც საკლებები არიან თანრიგითი რიცხვები (10 000, 700 000, 300
000 და ა. შ). თავდაპირველად მოქმედება შევასრულეთ დაწვრილებითი ჩანაწერით, შემდეგ
კი მოსწავლეებს დამოუკიდებლად მივეცი სავარჯიშოები.
მოსწავლეებმა გარდა წერითი გამოთვლებისა, შეასრულეს
ზეპირი გამოთვლები. მათ მივუთითე იმაზედაც, რომ სადაც გამოანგარიშება ზეპირად შეიძლება
შესრულდეს იქ არ უნდა გამოვიყენოთ წერითი გამოანგარიშება. ამ მეცადინეობაზე მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა
წერითი და ზეპირი გამოთვლებისა მრავალნიშნა რიცხვების გამოკლებაზე.
მერვე მეცადინეობაზე ცოდნის განმტკიცების მიზნით
ჩავატარე ჯგუფური მუშაობა -- თამაში კამათლებით. რომლის მიზანი იყო:
·
რიცხვის
ათობით ჩაწერაში გაწაფვა.
·
რიცხვების დამრგვალებაში გავარჯიშება
·
რიცხვების შედარებისა და შეკრების ჩვევების განმტკიცება
·
დროის მცირე ინტერვალში მოქმედების ჩვევების განმტკიცება
პროგრამაში შევიტანე მცირე ცვლილება, სამი ფერის
კამათლის ნაცვლად გამოვიყენე ოთხი ფერის კამათელი, რადგან შეგვძლებოდა ოთხნიშნა რიცხვების
ჩაწერა.
ჯგუფი დავყავი 3 გუნდად (თითოეულში 4 წევრი)
და მსაჯებად ( 4-5 მსაჯი)
თამაშის დაწყებამდე
გავაცანი მოსწავლეებს ინსტრუქცია და მივმართე გუნდებს შეერჩიათ კაპიტნები. მსაჯებს
მონაცემები უნდა შეეტანა ჩემს მიერ წინასწარ მომზადებულ ცხრილში (მეც ვაკონტროლებდი
მათ შედეგებს). მსაჯებს ევალებოდა კაპიტნების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორის
შემოწმება და შედეგების დაფაზე წარმოდგენა წინასწარ მომზადებულ ცხრილში.
თამაში დავიწყე მე - გავაგორე კამათელი ( თეთრი
- ერთეულს, მწვანე - ათეულს, წითელი - ასეულს, რვიტელი - ათასეულს), გუნდებს ევალებოდათ
კამათელზე მოსული ციფრებით რიცხვების ჩაწერა-დამრგვალება ათეულებამდე, ასეულებამდე,
ათასეულებამდე, ათეულათასეულებამდე).
·
გუნდებმა და კაპიტნებმა დაამუშავეს ინფორმაცია
·
კაპიტნებმა წარმოადგინეს შედეგები
·
კაპიტნებმა შეამოწმეს პაასუხების სისწორე და შედეგები
დააფიქსირეს ცხრილში
·
თამაში შევწყვიტე რეპლიკით ,,ყურადღება - უკანასკნელი
სვლაა!“.
გუნდებმა მიღებული რიცხვები შეადარეს, დავითვალე
შედეგები და გამოვავლინე გამარჯვებული გუნდი. ამ აქტივობით მოსწავლეებმა საწრეო მუშაობაზე
მიღებული ცოდნის განმტკიცებასთან ერთად გამოიმუშავა ინსტრუქციის ადეკვატური მოქმედებების
შესრულების, დროის მცირე ინტერვალში მოქმედებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
მეცხრე მეცადინეობაზე შეძენილი ცოდნის ხარისხის
შემოწმების მიზნით, ჩავატარე შემაჯამებელი მუშაობა ,,რა ვიცი, რა შემიძლია“. შესასრულებელი
დავალებები მოცემული იყო ინდივიდუალურ ბარათებზე, სადაც მოსწავლეებმა საწრეო მუშაობაზე
შესწავლილი საკითხების ცოდნა გამოავლინეს.
მეათე მეცადინეობაზე მოსწავლეებმა შექმნეს კედლის
გაზეთი ,,ჩვენ და მათემატიკა“. თითოეული მოსწავლე ინტერესით იყო ჩართული ამ აქტივობაში.
წარმოაჩინეს ინფორმაციის შეგროვების, დახარისხების, შემოქმედებითი და ურთიერთთანამშრომლობის
უნარ-ჩვევები.
საწრეო მუშაობის მეცადინეობებზე სააზროვნო უნარების
განვითარების მიზნით გამოვიყენე დავით შარვაძის კრებული ,,სახალისო ამოცანები“, ,,მცირე
თავსატეხები“ და სხვადასხვა ავტორთა მიერ გამოცემული ტესტები.
მიუხედავად იმისა, რომ საწრეო მუშაობაზე მოსწავლეთა
უმრავლესობამ შეძლო დასახული მიზნის მიღწევა, კარგი იქნებოდა ზოგიერთი მეცადინეობისათვის
დამეთმო ორი მეცადინეობა. მაგ: ,,კლასები და თანრიგები“ რითაც შევძლებდი უკეთესი შედეგის
მიღწევას.
წრის ხელმძღვანელი: მზია არსენიძე
8/02. 2018 წელი